вторник, 15 сентября 2009 г.

ოფიციალური მიმართვა შეყვარებულს - საქართველოს სიყვარულის სამინისტროს ბრძანებულება

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასე უღმერთოდ გამწირეთ და მიმატოვეთ, მე მაინც ვერ გავკადნიერდები იქამდე, რომ ყოფილი გიწოდოთ. თქვენ მე დღესაც მიყვარხართ, თუმცა თქვენ არანაირად არ მიიღეთ მხედველობაში ეს გარემოება და საბოლოოდ მაქციეთ ზურგი. სამწუხაროდ მე არ გამაჩნია არანაირი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მე თქვენ ძალიან მიყვარდით. მე უბედური ვენდე თქვენს თვალებსა და სიტყვებს, რომლებიც ახლა სულ სხვა რამეს მაუწყებენ და წარმოთქვამენ. არა მგონია, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა მაინც უარჰყოთ თქვენი დიდი მონდომება იმაში, რომ მე თქვენი არასტანდარტული ფეხების, ამაყი მკერდისა და საოცრად განსხვავებული თმების ტყვეობაში აღმოვჩენილიყავი. ჩემის მხრივ, არც მე დამიკლია ხელი და ჩვენ, ორივენი ნებაყოფლობით შევცურდით ტრფობის უტკბეს მორევში. აქ კი აღმოჩნდა, რომ თქვენ ჩემზე გაცილებით უკეთესად გცოდნიათ ცურვა და სულ მალე უკანმოუხედავად გასცურეთ ნაპირისაკენ. მე კი დღესაც ჩაყვინთულ მდგომარეობაში ვიმყოფები და ამიტომ ერთადერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. გთხოვთ, გამომიყოთ მცირეოდენი საკარმიიდამო ფართი თქვენი გულის ცენტრალურ რაიონებში დასასახლებლად. სამაგიეროდ, მთლიანად საკუთრების უფლებით გთავაზობთ ჩემი სხეულის ნებისმიერ ნაწილს: ტუჩებს, ცხვირს, გულ-ღვიძლს, ჯიგარს ან, თუნდაც, სულ ყველას ერთად.
თუკი თქვენ ამ ჩემს მოკრძალებულ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებთ, მაშინ ოფიციალურად მოვითხოვ შემდეგს:

1. ჩემთვის მოყენებული მორალური ზარალის ასანაზღაურებლად სასწრაფოდ გათხოვდეთ და ცოლად გაჰყვეთ შეძლებულ მამაკაცს (სასურველია, სტომატოლოგს), რათა მქონდეს საბაბი, ყველაფერი ჩემს მწირ ფინანსურ შესაძლებლობებს დავაბრალო.

2. იმის გამო, რომ მე თქვენი დაკარგვის შემდეგ დაახლოებით 20-25 დღის განმავლობაში ვერ შევძელი დაძინება, მოვითხოვ ჩემს უფროსს გამოსთხოვოთ 1 თვიანი შვებულება, რათა კარგა გვარიანად გამოვიძინო.

3. ვინაიდან თქვენს გაცნობამდე მხოლოდ 1 კოლოფი სიგარეტი მყოფნიდა, ახლა კი დღეში (განსაკუთრებით, ღამეში) ორკოლოფნახევარს ვეწევი, რაც ყოველდღიურად 75 თეთრით მეტის დახარჯვას განაპირობებს, მოვითხოვ მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ორი თვის განმავლობაში ზედმეტად დახარჯული 2250 თეთრის, ანუ 22 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით.

იმედია, თქვენი მომავალი მდიდარი მეუღლეც (სასურველია, სტომატოლოგი) კეთილგონივრულად მოეკიდება ჩემს მოთხოვნებს; წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები, მივმართო სიყვარულდამცავ ორგანოებს!



საქართველოს სიყვარულის სამინისტროს ბრძანებულება



ზემოთჩამოთვლილ ფაქტებზე დაყრდნობით და ჩვენს ხელთ არსებულ შეყვარებულ მოქალაქეთა მრავალრიცხვოვანი საჩივრების გათვალისწინებით, საქართველოს სიყვარულის სამინისტრო ადგენს:

1.შეყვარებულებს მიეცეთ მკაცრი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ორივე მხარემ სიყვარულის ახსნა წარმოადგინოს წერილობითი ფორმითა და შემდეგ გაცვალონ ერთმანეთში, რათა საჭიროების შემთხვევაში არსებობდეს მათი სიყვარულის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.შეყვარებულთა ყველა პაემანს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს ადვოკატი, რომელიც შეყვარებულთა დაპირისპირების ოფიციალურ ოქმებს. გარდა ამისა, ადვოკატი აღჭურვილი უნდა იყოს გამახვილებული სმენითა და დაქვეითებული მხედველობით, ანდა, უხერხულ მომენტებში თვალების სწრაფი დახუჭვის იშვიათი უნარით.

3.გულის სწორის არჩევის პროცედურას აუცილებლად უნდა დაესწრონ "გაეროს" ან რომელიმე მეზობელი საყვარელი და დემოპკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები, რათა თავიდან ავიცილოთ სიყვარულის გაყალბება და და კანდიდატთა შერჩევა მოხდეს გულისხმათა უმრავლესობის დემოკრატიული პრინციპით.

4.ერთმანეთზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ უნდა წარმოადგინოს ახსნა_განმარტებითი ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება სიყვარულის შეწყვეტის კანონიერი მიზეზები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაენიშნება იძულებითი შეყვარება.

შენიშვნა: შეყვარებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი მიჯნურს ირჩევენ 4 წლის ვადით. რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობის შემთხვევაში მხარეებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ სიყვარულის სამინისტროს.


ცვლილებები და დამატებები საქართველოს გულით სიყვარულის კოდექსში

(გსკ)

წყრილმანი ხულიგნობა, რაც გამოიხატება პაემანზე წინასწარგანზრახული დაგვიანებით და პარტნიორის ნერვებზე თამაშით, გსკ მეორე ტუჩის შუანაწილით დაჯარიმდეს ხანგრძლივი კოცნით, კოცნათა ხანგრძლივობა და ოდენობა განისაზღვროს გადაცილებული წუთების ოდენობით.

მსხვილმანი გადაგდება, რაც გამოიხატება პარტნიორის მოულოდნელად და უმიზეზოდ მიტოვებაში, ანდა სხვა პარტნიორის გაჩენაში, გსკ238-ე ტუჩის გარე და გვერდითა პრიმა ნაწილებით ისჯება სიყვარულის აღკვეთით ორიდან თორმეტ წლამდე გრძნობების სრული კონფისკაციით.

სასიყვარულო შანტაჟი, უმიზეზო თვალების პაჭუნი და გამომწვევი ქცევა ისჯება წერილობითი გაფრთხილებით (ხოლო თავდაცვის მიზნით სექსუალურ კავშირში შესვლას არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდება).
სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა და სრული უსიყვარულობა გსკ_დან ამოღებულია.

понедельник, 14 сентября 2009 г.

პატარა გული...

მონატრება საშინელი გრძნობაა, როცა იცი რომ არ უნდა გენატრებოდეს, როცა იცი რომ გეკრძალება მისი მონატრება,როცა იცი რომ მას შეიძლება სხვა ენატრებოდეს და საერთოდ სხვაზე ფიქრობდეს, მაგრამ გული... გულს ხომ ვერ უბრძანებ,,, გულმა არ იცის სიტყვა "არა"..მას ეს არ ესმის.. მას ბოლომდე წამს და იმედი აქვს,. რისი? არ იცის.. რატომ? არ იცის... უნდა რომ ჰქონდეს იმედი და ამიტომაც ცოცხლობს. ყოველი ზარის გაგონებისას გული სხვანაირად ფეთქვას, ყოველი ჩახუტებისას გულს უხარია. უხარია რომ ამ წამს შეუძლია იყოს ბედნიერი, ამ წამს იგრძნოს მისი სითბო და ალერსი და სულაც არ უფიქრდება იმას, რომ მეორე წამს შეილძლება ხელი ჰკრან, გადააგდონ, სხვა მხარეს გაიხედონ და დაივიწყონ. მას არ აქვს უფლება მოიხოვოს რამე. ის ჩუმად უნდა იჯდეს და დაიტანჯოს. გული კვდება მაგრამ ცდილობს ბოლო წუთებიც კი მასზე ფიქრში გაატაროს, მის გვერდით იყოს, მას ჩაეხუტოს. მერე რა რომ მისი არ არის, აღარ არის.. მერე რა რომ შეიდზლება ხვალ სხვამ მიიზიდოს კაცის ყურადღება,. გულს მაინც უაზროდ უხარია, რომ ამ დროს, თუნდაც დროებით “ის” მის გვერდითაა და მას უყურებს… მერე რა რომ მისი თვალები აღარაა სიყვარულით სავსე, მერე რა რომ თვალებში სიცივეა. ის ხომ მისი თვალებია და… გული დნება და უხარია.. ეს თვითმკვლელობის ტოლფასია.. მაგრამ გულს მაინც უხარია და ამას,ამ ცოდვასაც ჩადის.. მისთვის უკეთესია მის გვერდით ახლა მოკვდეს, ვიდრე მერე და უიმისოდ.. გული ტირის, გული იტანჯება …მაგრამ უხარია…მაინც მისია, რაც არ უნდა თქვას, “ის” მისია.. გული ამით იმშვიდებს თავს და აგრძელებს ჩუმად ტირილს, ჩუმად, თავისთვის.

სიყვარული აღგვალაღლებსო... მაგრამ სიყვარულს შეუძლია უფსკრულში ჩაგაყოლოს, გაგანადგუროს, მოგკლას და დაგცინოს.. ეს არის ნამდვილი სიყვარული? თუ ეს არის, უკეთესია ცხოვრებაში არავინ შეიყვარო..

ჭეშმარიტი სიყვარული? ჰმმ.. შეიძლება არსებობს, ოღონდ ჩემგან საკმაოდ შორს. მჯერა მისი? მჯერა.. მაგრამ აღარ მჯერა, რომ მე შემხვდება ასეთი რამე ცხოვრების გზაზე..უკვე აღარ მჯერა….

გული კვდება


"სულელი ჯესის დღიურებიდან" 30.07.08